17 ნოემბერი 2024,   10:18
ვრცლად
დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება - კვოტებს "ოცნება" და"ევროპელი სოციალისტები" გადაინაწილებენ

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება. ჯგუფში ოპოზიციას და უმრავლესობას თანაბარი წარმომადგენლობა ეყოლება. კვოტების განსაზღვრაზე გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის წევრები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მათი თავმჯდომარე. 

"საგამოძიებო კომისიაში იქნება 4 წევრი, 2 კვოტა იქნება უმრავლესობისთვის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატებისთვის. დღეიდან, სამი დღის ვადაში, როგორც "ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას, აქვს საშუალება, რომ წარმოადგინოს თავისი კანდიდატები. ამ წარმოდგენიდან დღის განმავლობაში, რეგლამენტის შესაბამისად, უნდა მოხდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა და ამ სხდომაზე უნდა აირჩიონ თავმჯდომარე, მდივანი და დამტკიცდეს დებულება,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

კომისიის მუშაობაში "მოქალაქეები" და სხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ. "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი მიიჩნევს, ეს დასტურია, რომ არჩევნების გაყალბების თემა გამოგონილია.

"ამ კომისიაში მონაწილეობაზე უარს თქმა მიუთითებს ერთ რამეზე - რომ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გაყალბება მოგონილი თემაა. თუნდაც 1%-იან ცდომილებას მაინც თუ დაადგენს კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებთან მიმართებაში, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ. თუმცა, ამის დამტკიცების იმედიც არ აქვს ოპოზიციას და სწორედ ამიტომაა, რომ ამ კომისიის მუშაობაში ისინი არ იღებენ მონაწილეობას,"-განაცხადა გიორგი კახიანმა. 

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან "ევროპელი სოციალისტები" ფრიდონ ინჯიას განცხადებით, თუ "მოქალაქეებს" პროცესში ჩართვის სურვილი ექნებათ, ისინი მათ ერთ ადგილს დაუთმობენ. 

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ თუ იმ ორ კვოტაში მოქალაქეებს მოუნდებათ, ჩვენი რომელიმე წევრი დატოვებს და დავუთმობთ ადგილს. მე მქონდა წინადადება, რომ კომისიის მუშაობაში დარეგისტრირდეს ის მოქალაქეები და ის თანამდებობის პირები, რომელთაც აქვთ ინფორმაცია და უნდათ მიიღონ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. კომისიის დასკვნა გამოგვადგება ნებისმიერ სიტუაციაში,"-განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. 

"ევროპელი სოციალისტების" კიდევ ერთი წევრი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ თუ გადათვლის დროს მიიღებენ რამე სხვაობას, გამოკითხვაზე ოქმების ხელისმომწერ კონკრეტულ პირებს დაიბარებენ. 

"ეს ისეთი კომისიაა, სადაც რაოდენობას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, იმიტომ, რომ ეს არ არის ბლა-ბლა-ბლას პროცედურა, ეს არის პროცედურა, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ რიცხვებს, მათ მათემატიკურ ანალიზს, და, შესაბამისად, უნდა დაიდოს რეზულტატი. მე ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია, ისე მოხდეს, რომ გადათვლის შემდეგ მივიღოთ რაღაც განსხვავება და ამისათვის საჭირო გახდეს კონკრეტული ხელისმომწერების დაბარება. გამოვკითხავთ, ვნახავთ და ღმერთმა დაიფაროს, იქ თუ ერთი ხელისმოწერა მაინც გაყალბებულია,"-განაცხადა დავით ზილფიმიანმა. 

დღის ამბები