არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება. კომისიაში ორი წევრი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, ორი - უმრავლესობის დეპუტატი.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, საგამოძიებო კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა. 4 -დან, 2 "ქართული ოცნების" წევრი იქნება, დარჩენილი ორი ადგილი კი, პარლამენტის უფრაქციო დეპუტატებისთვის არის გათვალისწინებული.
მოწოდებების მიუხედავად, გადაწყვეტილებას არ ცვლიან "მოქალაქეები". ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გარეშე საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვას არ აპირებს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის კვოტას "ევროპელი სოციალისტები" შეავსებენ. ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი კომისიის პირველი სხდომისთვის ემზადებიან და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხზე, კომისია სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
საგამოძიებო კომისიის ფორმირებაში ჩართვას არ აპირებენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს.
ოპოზიციაში კომისიას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან კომისიის საქმიანობაში რაიმე ფორმით ჩართვა პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარება იქნება.