დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ფაიზერის" ვაქცინის შემოტანამ, მარტის ბოლოსკენ გადაიწია:
""ფაიზერი არის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი დღეს, უნდა რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები. ამიტომაც, პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელიც "კოვაქსიდან" უნდა მოვმარაგებულიყავით. ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში.
4 მათ შორის, იყო ევროპული. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჯერ ვერ მივიღეთ. გადაიწია ეს მარტის ბოლოსკენ. ჯერ ზუსტი რიცხვები არ ვიცით "ფაიზერთან" მიმართებით, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე არხებით, რაზეც ვმუშაობთ, იგივე "კოვაქსით", "ასტრაზენეკას" მიღებასთან დაკავშირებით და პირდაპირი მოლაპარაკებებით "ასტრაზენეკას" ორ მწარმოებელთან, რომელიც გახლავთ ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი და კორეის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი. გარკვეული სერიოზული დოზები, რამდენიმე ასეული ათასი დოზა, წესით და რიგით, ყოველ შემთხვევაში, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში. კონტრაქტები უკვე გაფორმებულია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.