17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება - ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საიდანაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კანონმდებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების, გადასასვლელების ჩაკეტვის, უკანონოდ დაკავებების, ადამიანის უფლებების უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.  

"25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. მაგრამ ქართველი ხალხის პატრიოტიზმმა, თავისუფლებისკენ სწრაფვამ და დამოუკიდებლობისთვის 70 წლიანმა ბრძოლამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მარწუხებისგან გაათავისუფლა.  

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ჩვენს მიწაზე უკანონოდ იმყოფება პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალები. ჩვენს თანამემამულეებს, ოჯახებს, საზოგადოებებს ყოფს და აშორიშორებს რუსული მავთულხლართები. უკანონოდ აკავებენ, ავიწროვებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად არღვევენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ასობით ათასი ადამიანი მოკლებულია საკუთარ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობას.  

ამ ადგილას, სადაც ახლა ვიმყოფებით, იგრძნობა რუსული ოკუპაციის სიმძიმე, ჩანს უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, მავთულხლართები, უკანონოდ ჩაკეტილი გადასასვლელი. ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი, მკაცრი და კონსოლიდირებული მიდგომა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

დღეს, ქართველი ხალხის სწრაფვა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქვეყნის გამთლიანებისთვის, ძლიერია როგორც არასდროს. ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ სწრაფვას  ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.  მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აუცილებლად ჩამოიშლება და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ქართველები, აფხაზები, ოსები ყველა ერთად დავასრულებთ ოკუპაციას და გავამთლიანებთ საქართველოს," - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

დღის ამბები