25 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთში ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს ორგანიზებით, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ონლაინ-შეხვედრა ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა კატუკია, სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ასევე ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ისაუბრა 25 თებერვლის თარიღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობაზე და აღნიშნა პირველი რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის წევრების ღვაწლი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია, რომელმაც ხაზი გაუსვა საფრანგეთის ისტორიული დიასპორის ეროვნული ინტერესების სამსახურს და ერთიანი სახელმწიფოს იდეალებისადმი მათ ერთგულებას.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, სხვადასხვა წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის -"იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" გამარჯვებულები.