"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ბრალდების მხარე მზადაა, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის უფლებადამცველები განმარტავენ, რომ პროკურატურის განცხადება სამართლებრივი აბსურდია და ის ადასტურებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობის საფუძველი არ არსებობს.
ნიკა მელიას თანაგუნდელები პროკურატურის პოზიციას თავის გამართლების მცდელობად აფასებენ, ოპოზიციის ნაწილში კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ოპოზიციასთან გარკვეულ კომპრომისზე წავიდა.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პროკურატურის მიზანს მხოლოდ ბრალდებულის მხრიდან კანონის დამორჩილება წარმოადგენს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყება პროცესში თანმიმდევრულად და ლოგიკურად მოქმედებს.
აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ნიკა მელიას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა, თუმცა, სარჩელი მეორე ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და არგუმენტად საქმის არსებითი განხილვის დროს მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა.