საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს "ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი" გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა.
ონლაინფორმატში გამართული ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.
ფორუმზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დიასპორასთან ურთიერთობების შენარჩუნება და მისი გაძლიერების ხელშეწყობაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა იმუშაონ საპარლამენტო წარმომადგენლობაში დიასპორის ჩართულობის საკითხზე.
პრეზიდენტის თქმით, სულ რაღაც ორი დღის წინ, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის ვადა ორი წლით გაახანგრძლივა.
"მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ჩემი თაოსნობით მიმდინარეობდა მუშაობა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რისი ინიცირებაც ჩემი დეპუტატობის პერიოდში მოხდა. დღესაც, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო უწყებებთან ერთად განვაგრძობ ამ საკითხებზე ვაგრძელებ მუშაობას,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.