17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ოპოზიცია განსხვავებული პოზიციების შეჯერებას ცდილობს - ენმ-ს ოფისში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს

კონსულტაციებს პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებიან. მთავარი თემა სამომავლო გეგმები და განსხვავებული პოზიციებია. "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" აქტივისტების იმ ულტიმატუმს ღიად გაემიჯნა, რომელიც ქვეყნის მთავარი გამზირის პარალიზებას ითვალისწინებს.

"ლელოს" ლიდერმა თქვა, რომ პოლიტიკური მოძრაობა კატეგორიულად ემიჯნება ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს და ულტიმატუმებით საუბარი არასწორია.

გუნდში არის სხვა პოზიციებიც, რომელსაც ოპოზიცია მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავს.

როგორც შეხვედრამდე ოპოზიციის გარკვეულმა ლიდერებმა აღნიშნეს, საჭიროა ყველა ქმედების წინასწარ განხილვა, რადგან გარკვეულმა აქტივობებმა შესაძლოა გუნდს უარყოფითი შედეგი მოუტანოს. 

"ჩვენი პროტესტი გრძელდება კანონით დადგენილ ფარგლებში. "ქართულ ოცნებას" არ ექნება არანაირი საბაბი რაიმე თქვა ოპოზიციასთან დაკავშირებით," - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია. 

მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძის თმით ოპოზიციის ერთობა საერთო მიზნის მისაღწევად ინიციატივებშიც ერთიანი უნდა იყოს. 

"ნებისმიერი ინიციატივა უნდა შეთანხმდეს. სხვადასხვა აქტივობები შეიძლება არ წაადგეს ოპოზიციის ერთობას და ამან არ ითამაშოს დადებითი როლი იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული," -პოლიტიკური მოძრაობა ”ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე.

დღის ამბები