საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციას მართავს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანას ახლა, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი.
პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ნიშნავს.
"დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.