სტუდენტები აუდიტორიებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან, თუმცა დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში დასაშვებია პრაქტიკული მეცადინეობები.
შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლებას ონლაინფორმატში აგრძელებს. თსუ-ს კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უნიერსიტეტში პრაქტიკული სწავლება არ ტარდება, ხოლო 15 მარტს აკადემიური საბჭო გადაწყვეტს, რომელ ფაკულტეტზე გაგრძელდეს სწავლება არადისტანციურ რეჟიმში.
"არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ისეა დალაგებული სასწავლო პროცესი, რომ პირველ ეტაპზე, არის თეორიული სწავლების კომპონენტები, შემდეგ ეტაპზე კი პრაქტიკული. შესაბამისად, 1-ლი მარტიდან არ არის საჭიროება, რომ პრაქტიკული კომპონენტებით სწავლება გავაგრძელოთ, ამიტომ, ვაგრძელებთ დისტანციური რეჟიმით. 15 მარტიდან, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ მიმართულებებზე, სადაც პრაქტიკული სწავლების კომპონენტი აუცილებელია, არადისტანციურ რეჟიმში, უფლებამოსილების ფარგლებში გაგრძელდება სწავლა,"-აცხადებს ლაშა საღინაძე.
დღეს ვიზიტორების მიღების უფლება მიეცათ მუზეუმებს. ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანა ვერულაშვილის განცხადებით, მუზეუმის სტუმრებს თერმოსკრინინგის გავლა, პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
"საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი როგორც დედაქალაქის, ასევე, რეგიონის მუზეუმები ვიზიტორებს უმასპინძლებენ. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მოგვიწევს რეგულაციების დაცვა. ეს არის პირბადე, თერმოსკრინინგი და ორმეტრიანი დისტანცია დამთვალიერებლებს შორის. ასევე. გაკონტროლდება დარბაზებში დამთვალიერებელთა რაოდენობა,"- აცხადებს ანა ვერულაშვილი.