შარლ მიშელის კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა - დაახლოებით ერთ საათში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრება. გაიმართება შეხვედრა არჩილ თალაკვაძესთან. იგეგმება გაფართოებული ფორმატი, რომლის მონაწილეებიც იქნებიან პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მისი ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სამომავლო ნაბიჯები.
"მნიშვნელოვანი ვიზიტია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, განიხილება რიგი საკითხები, რომელიც უკავშირდება ასოცირებული ქვეყნის, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლებს და ამ თვალსაზრისით პერსპექტივებს, რომელიც ქვეყანას აქვს. ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ საქართველოში და ხელისუფლებას, გიდასტურებთ, რომ ნამდვილად აქვს ასეთი მონდომება, რომ პოლარიზების რაც შეიძლება ნაკლები ხარისხი ვიხილოთ საქართველოში და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველა მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციის მხრიდან ნამდვილი განწყობა, რომ მოლაპარაკება იყოს შედეგიანი, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილში არ შეიმჩნევა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პოლიტიკურ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და ამას მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებიც.
"დიალოგს არა აქვს ალტერნატივა. პოლიტიკური კრიზისი თუ არის ქვეყანაში ეს უპირველეს ყოვლისა არის ოპოზიციაში იმიტომ, რომ რაც შეეძლო მმართველ პარტიას ყველაფერი გააკეთა. მნიშვნელოვანი გამოწვევები, ეკონომიკა, ეს არის დასაქმება, ეს არის ვაქცინაციის პრობლემა გამოწვევა და ეს იწილო-ბიწილო, ოპოზიციის შესვლა-არშესვლა უნდა დამთავრდეს, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. ამას მოუწოდებენ ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და ამას ალტერნატივა არა აქვს," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ოპოზიციიდან წარმოდგენილი იქნება "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც იკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს.
"ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების შესახებ მივაწვდი ინფორმაციას, ამიტომ მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას. ეს არის ძალიან სამწუხარო სიტუაცია, რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი არის პარლამენტს გარეთ, მაგრამ საბოლოოდ მგონია, რომ ეს კრიზისი მოლაპარაკებით დასრულდება, ამის წინაპირობებს ვხედავ და ბატონი მიშელის ვიზიტიც ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ყველა ჩვენი მეგობარი დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობით, პოლიტიკური სტაბილიზაციით და მე ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.