17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ბატონი შარლ მიშელი პირადად აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში - გიორგი ვაშაძე

რა დაპირებები მისცა ორდღიანი ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციას - შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. საუბრის შინაარსით და ევროპელი პოლიტიკოსის განწყობებით კმაყოფილია ოპოზიცია, რომელიც ელოდება, რომ ევროკავშირი აიძულებს "ქართულ ოცნებას" წავიდეს  დათმობებზე და სწორედ ამ გზით დაძლიოს პოსტსაარჩევნო კრიზისი ქვეყანაში.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ამ შეხვედრიდან უფრო ნაკლებს ელოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიქრობს, პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარე მარტის ბოლომდე რაღაც შეთანხმებამდე მივლენ.

"უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება ზოგადად ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოში არის.

მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციისკენ - ეს არის ორი განსხვავებული რამ, ანუ ნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.

ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება, მარტის თვის ბოლომდე რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. კომპრომისი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, პლებისციტს მხარს უჭერს, როგორც ძალიან დიდ და სერიოზულ კომპრომისს.

"დეტალურად მოხდა ახსნა ამისიც და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო "ევროპული საქართველოს" ინიციატივით დაყენებული საკითხი თავის დროზეც კი. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ჩვენ ამას როგორც სერიოზულ კომპრომისს. ეს პლებისციტი უნდა იყოს ჩატარებული თავისუფალ და სამართლიან ატმოსფეროში, რაც გულისხმობს პირველ რიგში პოლიტდევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და იმ პაკეტს რეფორმების, რომელიც შეტანილია უკვე ოპოზიციის მხრიდან და რა თქმა უნდა სწორედ იმიტომ არის ეს ჩვენი მხრიდან კომპრომისული ინიციატივა, რომ ამ თავისუფალ ვერდიქტს ჩვენი საზოგადოების ყველა უნდა დაემორჩილოს," - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები