საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტის გამო მადლობა გადაუხადა.
პრემიერის განცხადებით, შეხვედრის დროს, საუბარი სხვადასხვა საკითხებზე იყო, მათ შორის კი პოლიტიკურ პროცესებზე და ოკუპაციაზე.
"მინდა შარლ მიშელს საქართველოში მისი პირველი ვიზიტის გამო მადლობა გადავუხადო. პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს. მას ჩვენი ერთგულება დავუდასტურეთ. შეხვედრისას ჩვენ ნაყოფიერი საუბარი გვქონდა და არაერთ საკითხს შევეხეთ. ასევე, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვის ნაწილი და რომ ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ბუნებრივია, ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მოკლე დროში მოხდეს პროცესების ნორმალიზება.
მინდა შარლ მიშელს მადლობა გადავუხადო ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევენ განსაკუთრებით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა მათი შემდგომი მხარდაჭერაც იმისათვის, რომ უახლოეს პერიოდში მივიღოთ ვაქცინის საჭირო რაოდენობა. ამ საკითხში მისგან მივიღეთ მხარდაჭერის დაპირება.
ჩვენი ხალხის საერთო ამოცანა არის დიდ ევროპულ ოჯახში საბოლოო სრულფასოვანი გაწევრიანება და ვაპირებთ, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს იქნება რთული გზა, მაგრამ ჩვენ სრულიად მოტივირებულები ვართ.
ასევე, ჩვენ შევეხეთ ოკუპაციას და მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ თავად გაეცნო ოკუპაციის მიერ გამოწვეულ შედეგებს.
პრეზიდენტ შარლ მიშელი ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.