ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერს შეხვდა, მიშელმა რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხს გაუსვა ხაზი, ისაუბრა პოლიტიკურ კრიზისზე, ბორდერიზაციასა და ვაქცინებზე.
შარლ მიშელმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.
"ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს მთავარი პარტნიორი. ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას.
მეორე მთავარი გზავნილია ის, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის დროს თქვენ გვერდით ვართ.
მესამე გზავნილი არის ის, რომ მაწუხებს ის პოლიტიკური კრიზისი, რაც საქართველოშია. ეს თქვენი პრემიერობის პერიოდში და თქვენი კოლეგების, როგორც ოპოზიციონერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და სირთულეებს გაუსწოროს თვალი.
ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები, იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს.
მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შეხვდეს. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადახვიდეთ მედიაციაზე.
ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ეს არის სასამართლო სისტემა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოს მიმართ ნდობა. მოგიწოდებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას ასევე დასჭირდება კომპრომისებზე წასვლა. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას.
ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა.
დღეს მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევხვედროდი ადგილობრივ თემს. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი,"- აღნიშნა შარლ მიშელმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელის უპასუხა და განუცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის.
"მინდა გამოვეხმაურო ამ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება ჩემსა და ოპოზიციას შორის შეხვედრას. მე ვარ მზად ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო მონაწილეობა. მე მინდა ჩემი გუნდის სახელით მზაობა დავადასტურო, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას დეესკალაციისთვის გადადგმული. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის პრეზიდენტს,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.