17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
შარლ მიშელის ინიციატივით შექნილ დოკუმენტში, სიტყვა პოტენციური ადრეული არჩევნებია გამოყენებული - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით შემდგარ შეხვედრაზე იყო საუბარი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ უნდა იქნეს გამოყენებული შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია. 

როგორც სამნიძემ "დღის კურიერთან" საუბარისას აღნიშნა, მნიშვნელოვნია, რომ როცა პარტნიორები პოლიტიკური სპექტრისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან, ეს მოთხოვნა მაინც იქნეს შესრულებული.

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არც სიაში მოხვდება - ეს არის ჩვენი ერთმანეთის მიმართ გამოყენებული რიტორიკა და ტონი, ამაზე იყო საუბარი გუშინდელ შეხვედრაზე. როცა გეძახიან ტერორისტებს, რადიკალებს, ძალიან რთულია ასეთ ტონზე საუბარი. შევთანხმდით, რომ ასეთ სიტყვებს და ასეთ ტონს არ გამოვიყენებთ და რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ერთმანეთი, შეიძლება გვძულდეს კიდეც ზოგიერთებს ერთმანეთი, რაც არ არის ნორმალური, რადგან პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც ზიზღი, არც სიყვარული. ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში, როცა ჩვენი პარტნიორები კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან, ეს მაინც შევძლოთ," - განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძის თქმით, შარლ მიშელის ინიციატივით შექნილ დოკუმენტში სიტყვა პოტენციური ადრეული არჩევნებია გამოყენებული.

"შეთანხმება უნდა შედგეს, როგორი იქნება ეს შეთანხმება, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, ხვალ და ზეგ ეს საკითხი არ გადაწყდება. შესათანხმებელი პუნქტი არის რიგგარეშე არჩევნები, ამიტომ ჩამონათვალში წერია - პოტენციური ადრეული არჩევნები. ეს მნიშვნელოვანი ფრაზაა. მედიაში უკვე არის გავრცელებული ამ დოკუმენტის ზუსტი ჩამონათვალი. ეს დოკუმენტი შედგა შარლ მიშელის ინიციატივით, მისი ავტორობით, როდესაც მოგვისმინა ჩვენ, როდესაც მოუსმინა ხელისუფლებას. შედგა ტექსტი, რომელიც ამ სიტყვებით იქნა გამოყენებული. იქვე დაგვირიგეს. 

ჩვენ შინაარსში არ შევსულვართ. მანამდეც გვისაუბრია იმაზე, რომ ოპოზიცია მზად არის ყველა ეტაპზე კომპრომისებისთვის," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

დღის ამბები