პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ოპოზიციამ დღეს პარლამენტის პიკეტირებით შარლ მიშელთან დადებული შეთანხმება, კონსტრუქციული დიალოგის შესახებ, დაარღვია.
"კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც გუშინდელი შეხვედრიდან 10 საათია გასული, ამბობ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადავდივარ, დიალოგს ვაპირებ და ამ დროს პარლამენტის პიკეტირებას აწყობ, მოგყავს აქტივისტები და შეურაცმყოფელ განცხადებებს და შეძახილებს იყენებენ არა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატების მიმართ, არამედ პარლამენტში მყოფი ოპოზიციის დეპუტატების მიმართ, არც გულწრფელობასთან გვაქვს საქმე და არც კონსტრუქციულ მიგდომასთან. საზოგადოებისთვის ნათელია, რომ რაც ილაპარაკეს გუშინ დახურულ შეხვედრაზე, არის ერთი და რას აკეთებენ გარეთ, არის მეორე," - განაცხადა "დღის კურიერში" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.