რას ნიშნავს "პოტენციური ვადამდელი არჩევნები", რაზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა ისაუბროს - ამ თემაზე განმარტებები "დღის კურიერის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სალომე სამადაშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხის გადაჭრის გარეშე მხარეთა შეთანხმება ვერ შედგება.
"მოლაპარაკებების წინ იმის გამოცხადება, რა ვერ გადაწყდება, არ არის სწორი. ეს დოკუმენტი ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც დღის წესრიგში დგას და რომელსაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გარეშე შეთანხმება ვერ მიიღწევა. ამ ჩამონათვალში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის პოლიტიკური პატიმრების თემა. ეს არის განაცხადი, რომ ამ საკითხის დახურვის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ.
რაც შეეხება არჩევნებს, ჩანაწერი, რომ პოტენციურად ვადამდელ არჩევნებზე უნდა ვისაუბროთ, ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთ-ერთი თემა, რომლის ამოწურვის გარეშე მოლაპარაკებების პროცესი ვერ დასრულდება შედეგით,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის მეხუთე რაუნდი პირველ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივითა და მედიაციით გაიმართა.
დღეს "რადიო თავისუფლება" ექსკლუზიურად ავრცელებს იმ 6 პუნქტიან დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილია საკითხები, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი და რაზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
გამოცემის ცნობით, ეს პუნქტებია:
1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;
4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის და პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას პარლამენტში;
5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის;
6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.