17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
აქ მთავარი არის სიტყვა "პოტენციური", რის საფუძველზე შეიძლება ჩაინიშნოს არჩევნები - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ხელისუფლება მზადაა ყველა იმ საკითხის განსახილველად, რომელიც შესულია იმ თემების ჩამონათვალში, რაზეც გუშინ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით იმსჯელა.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ოპოზიცია არ თანხმდება პარლამენტში შესვლას, ეს კი ერთ-ერთია შესათანხმებელ საკითხებს შორის:

"ამით ერთმნიშვნელოვნად არის მითითება იმაზე, რომ ყველა პარტია, ვინც მოიპოვა მანდატი უნდა შემოვიდეს პარლამენტში და თანაბრად უნდა გადაინაწილოს ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას ამომრჩეველმა დააკისრა. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა პუნქტზე ვისაუბროთ, ამ მეოთხე პუნქტზე კი, სადაც ლაპარაკია პარლამენტში შემოსვლაზე ოპოზიცია არ თანხმდება,"- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძეს ასევე მოუწია პასუხის გაცემა იმაზე, შარლ მიშელის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ, ისევ წითელი ხაზია თუ არა, პოტენციური ადრეული არჩევნები:

"აქ მთავარი არის სიტყვა პოტენციური, რის საფუძველზე შეიძლება ჩაინიშნოს არჩევნები და ეს არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული, ჩვენ აქამდე ვამბობთ, რომ ვადამდელი არჩევნების წინაპირობები არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია ვერანაირად ვერ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, თუ რამე ნოვატორული იდეა ექნება ოპოზიციას ჩვენ ამას მოვისმენთ დიდი სიამოვნებით,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღეს "რადიო თავისუფლება" ექსკლუზიურად ავრცელებს იმ 6 პუნქტიან დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილია საკითხები, რაზეც შეხვედრაზე იყო საუბარი და რაზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

გამოცემის ცნობით, ეს პუნქტებია: 

1) ამბიციური საარჩევნო რეფორმა;

2) კანონის უზენაესობა და სასამართლო რეფორმა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩევნების საკითხები და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;

3) პოლიტიკური მართლმსაჯულება, კერძოდ, პატიმრების საკითხის გადაჭრა;

4) პარლამენტში ძალთა გადანაწილება, რაც მოიცავს საგამოძიებო კომისიის და პასუხისმგებლობების და როლების სამართლიან გადანაწილებას, პარლამენტში;

5)პოტენციური ადრეული არჩევნები და მზადება ადგილობირივი არჩევნებისთვის;

6) ფასილიტაცია მედიაციის გაგრძელება და მიღწეული პროგრესის გადამოწმება, 15 მარტს, ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის საბჭოს შეხვედრაზე.

დღის ამბები