17 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ოპოზიცია პროტესტის ფორმებს ცვლის - უცნობია რა ფორმებით ჩანაცვლდება სახელმწიფო შენობების პიკეტირების გეგმა

ოპოზიცია პროტესტის ფორმებს ცვლის. გადაწყვეტილება "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში შეკრებილმა ლიდერებმა თითქმის ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ მიიღეს.

ძალაში რჩება 13 მარტის აქცია. ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმებით ჩანაცვლდება სახელმწიფო შენობების პიკეტირების გეგმა.

"ამ ადამიანებს, რომლებიც აშკარად საბაბს ეძებენ ჩვენი საზოგადოების და გარე მეგობრების შეცდომაში შესაყვანად, მოვუსპობთ ამ საბაბს ანუ ფიზიკური კონტაქტის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ," - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ აქციების ფორმა იცვლება იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი:

"ჩვენ ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ ისეთ ფორმას მივცემთ, რომ არ მისცეს ხელისუფლებას სალაპარაკო," - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

"ლელოს" წევრ საბა ბუაძის თქმით, მათ ინტერესებშია მოლაპარაკების კონსტრუქციულად წარმართვა და ისინი სწორედ ამიტომ ცვლიან აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მანიპულაციების შანსი არ დაუტოვონ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ აქციები ძალაში რჩება, თუმცა ის იცვლება ისეთი ფორმებით, სადაც ხელისუფლებას ნაკლები პროვოცირების შანსი ექნება. ამაში იგულისხმება ის, რომ აქციების დროს არ მოხდეს ქუჩების შეზღუდვა ან გზების გადაკეტვა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გუშინდელი შეხვედრის შედეგებსაც გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაიმართა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლებას მოუწია პრაგმატული რეალიზმის გზას დასდგომოდა:

"ვიმედოვნებ, რომ ღარიბაშვილი საკუთარი ან თავისი უფროსის ილუზიებიდან რაც შეიძლება მალე გამოვა და დაადგება პრაგმატული რეალიზმის გზას. მას შემდეგ, რაც მან გააკეთა ძალიან ამაყი განცხადება, რომ ახალი არჩევნები არის მათთვის წითელი თუ ლურჯი ხაზი, 15 წუთის შემდგომ ცხვირწინ დაუდეს 6 პუნქტიანი დოკუმენტი, რომლის მე-5 პუნქტიც პირდაპირ საუბრობს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას სურს ევროპელ პარტნიორებს და საზოგადოებას კონსტრუქციულობა და მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგი აჩვენოს, პოლიტპატიმრების საკითხის მოგვარებით უნდა დაიწყოს:

"გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდათ, დღეს სხვანაირი და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს, არც ქვეყანაა ჩალით დახურული და არც მსოფლიო. ძალიან მაღლაა თამასა აწეული, 2 კვირაში ღარიბაშვილს  მოუწევს ასოცირების სხდომაზე კონკრეტული რეზულტატის ჩვენება და ეს გუშინ ღიად და საჯაროდ ითქვა ბატონი მიშელის მხრიდან. შესაბამისად, კონსტრუქციული იქნება ხელისუფლება თუ პირველ და მთავარ საკითხს პოლიტპატიმრების საკითხს დაძრავს, ამითი ანახებს საზოგადოებას, რომ ის სერიოზულადაა განწყობილი," - განაცხადა გიგი უგულავამ.

გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ცოტა შემაშფოთებელს უწოდებს პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებაში" ჩათვალეს, რომ ის მოლაპარაკებებზე სუსტად გამოიყურებოდა:

"პრემიერი დღევანდელი რიტორიკა იყო ცოტა შემაშფოთებელი, რატომღაც ჩათვალეს გუნდში ან ვინმემ უთხრა, რომ ის სუსტად გამოიყურებოდა გუშინ, არ არის ეს სისუსტე, როდესაც ხარ ხელისუფლებაში, უნდა გადადგა კომპრომისული ნაბიჯი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, თუ ხელისუფლებას სურს ევროსტრუქტურებში დაგეგმილ შეხვედრებზე რეალური შედეგი ჩაიტანოს, მაშინ მან რიტორიკა უნდა შეცვალოს:

"იმ ჩარჩო  შეთანხმებაში, რომელიც დარჩა ამ მაღალი ხარისხის მედიაციიდან, არის უმნიშვნელოვანესი საკითხები, პირველი პოლიტიკური პატიმრების, ნიკას და გიორგის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, რაც შემდეგ დათქმით უნდა ჩაიტანოს ევროპაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასეთი რიტორიკით არ იქნება ადვილი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები