"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია შემდგომი 48 საათის განმავლობაში ევროკავშირის ელჩისგან ელოდება ინფორმაციას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის ახალი ფორმატის შესახებ. ამასთან, როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ეს შეხვედრა არ იქნება მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელშიც ფასილიტატორების ფუნქციას აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ასრულებდნენ.
მისი შეფასებით, ამჟამინდელი ფორმატი უკვე უფრო მაღალ რანგშია ასული და ამაში, უკვე პირადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტია ჩართული:
"ჩვენ შემდგომი 48 საათის განმავლობაში ველოდებით უკუკავშირს ევროკავშირის ელჩისგან. რა ფორმატი იქნება განსაზღვრული და ვინ ჩაერთვება გავიგებთ. მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, მეხუთე რაუნდი აღარ არსებობს, არსებობს აბსოლუტურად ახალი პლატფორმა მოლაპარაკების, სადაც პირადად შარლ მიშელი ამბობს, რომ ისიც ჩაერთვება ამ პროცესში, ანუ სხვა რანგში ავიდა ეს პროცესი, ევროკავშირის თვალსაზრისით. რაზე იქნება საუბარი, წინასწარ თქმა რთულია, მაგრამ ერთი რამ ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ექვსივე საკითხი, მათ შორის, პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების, ამ პუნქტებში დევს და შეთანხმება უნდა იყოს. როგორი იქნება შეთანხმება, ამას ჩვენ ვნახავთ," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.