ოპოზიციის გეგმებს ეტაპობრივად აქციების გამართვასთან დაკავშირებით, დესტრუქციულ სცენარს უწოდებენ უმრავლესობაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ორივე მხარეს საერთო ენის გამონახვის მცდელობა უნდა ჰქონოდათ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი დიალოგისთვის ყოველთვის მზად არიან, თუმცა მათი შეფასებით, შეთანხმების სურვილი თავად ოპოზიციას არ აქვს, რაც მათ გეგმებსა და რადიკალურ ქმედებებში გამოიხატება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპონენტებს კონსტრუქციული დიალოგის გულწრფელი სურვილი არ აქვთ.
"ჩვენი ოპონენტები ამ შეხვედრის შემდეგ კონსტრუქციულ დიალოგზე საუბრობდნენ. გასაკვირი იყო, რომ სულ რამდენიმე საათი დასჭირდა იმას, რომ აღმოჩენილიყო რომ მათი სიტყვები იყო ყალბი, ვინაიდან ვიხილეთ პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკის თმით, ოპოზიციას დესტრუქციის შემოტანა სურს.
"მათი გეგმა არის ერთი, როგორმე დესტრუქცია შემოიტანონ რაც შეიძლება მეტი და როგორმე იქნებ ეს სტაბილურობა მოარღვიონ მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური, ისედაც რთულ ვითარებაში," - ამბობს გია ვოლსკი.