სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განახევრება და შეჩერებული სტატუსის აღდგენა - ამ თემებზე სასაუბროდ განათლების მინისტრის მოადგილეს არასამთავრობო ორგანიზაციების, "მოძრაობა ხალხისთვის" და "პროგრესის ცენტრის" წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსულების თქმით,ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელმაც არსებული პრობლემა სიღრმისეულად უნდა მოაგვაროს. სამოქალაქო სექტორს შესაბამისი მოთხოვნით პეტიცია აქვს შემუშავებული. მათ საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს განათლების კომიტეტსაც.
"მიეწოდათ დღეს ინფორმაცია იმ რეფორმაზე, რომელიც დღეს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილებას ეხება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და რაც ძირეულად შეამსუბუქებს იმ პრობლემებს, რაც სტუდენტებს უდგათ სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით,"- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.