რა პერსპექტივა აქვს დიალოგს და როგორ უნდა შეთანხმდნენ მხარეები ისე, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნეს - ამ საკითხზე მოსაზრებებს "კურიერთან" ექსპერტები აფიქსირებენ.
ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ცალსახად გაუმართლებელია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან კომპრომისზე წასვლაც.
"ნამდვილად არ იყო სასურველი მიშელის წასვლის მეორე დილით ოპოზიციას კვლავ პიკეტისთვის მიემართა. ხელისუფლება ნებისმიერ კომპრომისზე უნდა წამოვიდეს, ეს არ იქნება კომპრომისი ოპოზიციასთან, ეს იქნება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს იქნება ის ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლებას ისტორია დაუფასებს,"-აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
"როდესაც ხელისუფალი ხარ, ალბათ, შედარებით მეტად უნდა განჭვრიტო. მე არ ვამბობ, დათმო, უნდა განჭვრიტო. საქართველო, როგორც არასდროს, არის ევროკავშირის რადარზე. აქედან გამომდინარე, როგორ გავართმევთ თავს ჩვენ ყველანი, ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილენი და თანაბრად ორივე მხარეს ენიჭება თანაბარი უფლება - მოვალეობები, მეტწილად არის დამოკიდებული ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ბედი. ეს შანსი თუ ჩავარდება, შემდეგ, ისტორიის გადმოსახედიდან, საზომი არ იქნება გამოყენებული, ვინ უფრო მეტად განაპირობა შანსის ჩავარდნა და ვინ ნაკლებად,"- აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი.