ოპოზიცია პროტესტის ფორმას ცვლის. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოწინააღმდეგეები მწვავედ გააკრიტიკა, რომ დიალოგის პარალელურად დაუშვებელია დესტრუქცია, პარტიების დიდი ნაწილი სახელმწიფო უწყებების პიკეტირებაზე უარს ამბობს.
გაგრძელდება აქციები, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, მშვიდობიანი იქნება. ამით ქუჩაში მყოფი ოპოზიცია იზღვევს თავს, რომ მოლაპარაკებების პროცესი ხელისუფლებამ არ ჩაშალოს.
ძალაში რჩება 13 მარტის საპროტესტო აქცია. სხვა გეგმებზე ჩამოსაყალიბებლად დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას არა ლეიბორისტების, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უმასპინძლებენ. ხელისუფლებას აქვს 10 დღიანი ვადა, რათა დაინახოს გზა, სად ხედავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის შესაძლებლობას.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სივრცეს არ უტოვებს "ოცნებას" სპეკულირებისთვის.
"მაშინ, როდესაც ვართ ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ და ევროპის დაინტერესებას და მათ მედიაციას ვიღებთ და ვხდებით ევროპის ნაწილი ფუნდამენტურად, თუ არა, კონსტიტუციაზე აპელირებით თუნდაც, ჩვენთვის არ არის მისაღები, რაიმე სივრცე დავტოვოთ ხელისუფლების სპეკულირებისთვის. ამიტომ, ჩვენი პროტესტი შემდგომში იქნება კიდევ უფრო ფრთხილი,"-აცხადებს ნიკა ობოლაძე.
"ევროპული საქართველოს" წევრი ლაშა დამენია აცხადებს, რომ, საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდი იძულებული იქნება წავიდეს მოლაპარაკებებზე.
"საპროტესტო აქციები გაგრძელდება. დღესაც შეხვედრაა ამის გამო ხდება, რომ მოვძებნოთ ის ფორმები, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი იყოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არ მივცეთ საბაბი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომ გუშინდელი რიტორიკა კვლავ გაიმეოროს. მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება იძულებული გახდება წავიდეს მოლაპარაკებებზე, რათა დაძლეულ იქნას ის პრობლემები, რომელიც დღეს ასე ღრმად არის საქართველოს სინამდვილეში,"-აცხადებს ლაშა დამენია.
"იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე პროვოკაცია, მივიღეთ ასეთი ზომა, რომ რაც შეიძლება ნაკლებ კონტაქტში შევიდეთ პოლიციასთან და ხელისუფლებასთან, ისეთი აქციები დავგეგმოთ. თუ ადრე ვფიქრობდით პიკეტირებაზე და მისი აზრი იყო ყურადღების მიქცევა, ხმის გაგონება ხელისუფლებისთვის, გადავალთ მანიფესტაციაზე ტრანსპარანტებით, ქუჩაში ავტომობილებით მოძრაობაზე, საყვირის ხმის გაგონებაზე ხელისუფლებისთვის და ა.შ,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.