პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გორში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ოპონენტების ბრალდებების პასუხობს.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარტიის ოფისებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ინტერესებში არ შედის.
ქადაგიშვილი ამბობს, რომ ყველა ვისაც ამ საქმეში დანაშაული მიუძღვის, დაისჯება.
"ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა იქნება ეს თუ ა.შ. აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, თავდამსხმელები დაკავებულები არიან და გამოძიება მიმდინარეობს და ვინც ამ საკითხში არიან დამნაშავეები, ყველანი დაისჯებიან. ქართული ოცნების და მით უმეტეს მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა. ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება, ამიტომ მოდით, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა მოხდა. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ოთხი პირი. დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა პოლიტიკური პარტიის ოფისის მინები დააზიანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ფაქტი უკავშირდება მათ აქტიურობას უკვე გამართულ და დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე.