Freedom House-ის ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა. ანგარიშში "თავისუფლება მსოფლიოში 2021" - საქართველომ თავისუფლების ინდექსის 100-დან 60 ქულა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით ერთი ქულით დაქვეითდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის დოკუმენტში გამოქვეყნებულია ყველა ის პრეტენზია, რაც პერიოდულად ისმის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, თუმცა როგორც წესი Freedom House არ ასახელებს წყაროს რის მიხედვითაც ის ყოველწლიური ანგარიშისთვის სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ინფორმაციებს აგროვებს.
ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში, მთავრობის შიგნით არსებული კორუფცია კვლავ გამოწვევად რჩება. დოკუმენტში, ასევე, ყურადღებაა გამახვილებული ოლიგარქიულ მმართველობაზე, რაც ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ველზე.
მედია გარემო, რომელიც საქართველოშია, არის პლურალისტული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული. სასამართლო სისტემა და მასში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა, ასევე შეკრების თავისუფლების დაცულობის მიუხედავად პოლიციის მიერ გადამეტებული ძალა, მაგალითად 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს. ლგბტ უფლებების არასათანადოდ დაცვა და პანდემიის პერიოდში ტენდერებში მთავრობის მხარდამჭერი ბიზნესმენების გამარჯვება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც Freedom House-ის ანგარიში მოიცავს. პოლიტიკური უფლებების მიმართულებით ორგანიზაციამ საქართველოს 40 მაქსიმალურიდან 23 ქულა მიანიჭა, სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში კი 60-დან 37.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით საერთაშორისო ორგანიზაციაში ადეკვატურად აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამ შეფასებას არ ეთანხმებიან "ქართულ ოცნებაში", სადაც არაფორმალურ მმართველობას უარყოფენ და ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში არსებულ ფაქტობრივ შეუსაბამობებზე ამახვილებენ ყურადღებას.