პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხი, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე იმუშავებს.
კომისია პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარადგენს.
გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეკონომიკური სიდუხჭირე რჩება.
"როგორც მე დავაინიცირე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და ამის წარმოდგენა. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს.
კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის დაინტერესებული პირები, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ ასევე მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს, ასევე მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები ჩაერთონ აღნიშნული კომისიის მუშაობაში და ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარების გეგმა.
ოკუპაციის შემდგომ, რიგით მეორე გამოწვევა და მთავარი პრობლემა ჩვენი მოსახლეობის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობაზე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.