აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველს ეროვნული პლატფორმა მოთხოვნების 5 პუნქტიან დოკუმენტს ასაჯაროებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ნიკა მელიას გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, დოკუმენტში საუბარია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის განხილვაზე.
მოთხოვნების 5 პუნქტიანი დოკუმენტი უკვე საჯაროა.
"საჭიროა მოხდეს ბატონი მელიას გათავისუფლება, მოხდეს ასევე სერიოზული განხილვა, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ამას სჭირდება დიალოგი, ამას სჭირდება მსჯელობა და სწორედ დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების, ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურების თანამონაწილეობით. კრიზისი ვერ დაიძლევა ერთი ნაბიჯით და მოკლევადიანი მოგვარებით, ამას სჭირდება გრძელვადიანი ხედვები, ამას სჭირდება დემოკრატიული დღის წესრიგი. ასეთი სასამართლოთი, რომელიც ჩვენ გვყავს, ამ კრიზისს ვერ დავძლევთ," - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
დოკუმენტის შესახებ ”რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” განვითარების დირექტორი, ნათია კუპრაშვილი საუბრობს:
"განცხადება რომელსაც ახლა გაცნობთ, რომელიც შემუშავდა ჯერ საქართველოს ეროვნულ პლატფორმაზე და ასევე განხილულ იქნა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ და ასევე ევროკავშირის წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ, წარმოადგენს სწორედ ამ ქვეყნების პოზიციას. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ განცხადება გამოქვეყნდა და მიღებულ იქნა, ვიდრე შარლ მიშელის ვიზიტი იქნებოდა საქართველოში,“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.