რუსთავის N 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ავტოკოლონით თბილისიდან პირველი საათისთვის დაიძრნენ.
ადგილზე ჯერჯერობით არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილია, რომ ნიკა მელია მალე გათავისუფლდეს და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან მისი მონაწილეობით გაიმართოს.
"თავისუფლება ნიკა მელიას - ეს არის ჩვენი მთავარი სლოგანი. დღეს ჩამოვედით რუსთავის ციხესთან. ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, მან დროულად უნდა დატოვოს საპყრობილე და ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება პირველი სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება მზად არის მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მოლაპარაკება ვაწარმოოთ ჩვენ და ნიკა მელია იყოს ციხეში," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი ბარამიძის თქმით, პოლიტიკური ვითარების განსამუხტად აუცილებელია მათი მოთხოვნები შესრულდეს.
"ერთადერთი გზა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გარეშე, ნორმალური კანონმდებლობითა და საარჩევნო ადმინისტრაციით. მოთხოვნები არის სწორი, ბუნებრივი და არ არის თითიდან გამოწოვილი, რომელიც ასევე თვითონ მოიტანა მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირმა შარლ მიშელმა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.