ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი იწყება - ტენდერის გამოსაცხადებლად ეკონომიკის სამინისტრო საჭირო პროცედურებს დაიწყებს, პროცესში საერთაშორისო კონსულტანტებიც ჩაერთვებიან. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დღეს გამოეხმაურა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე.
როგორც კოჟორიძე აცხადებს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სასიცოცხლო ძალას შეიძენს.
"რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ინვესტორებს შეუწყვიტეს ხელშეკრულება?! იმ ვითარებაში, როდესაც ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პროექტი ამ მთავრობის პირობებში ამოისუნთქავს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი სასიცოცხლო ძალას შეიძენს.
როცა დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, ერთი მხრივ, პრეტენზიას აცხადებ და მეორე მხრივ, იმას ამბობ, რომ მე პორტს ვერ ავაშენებ, იმიტომ, რომ რუსეთს არ ეწყინოს. ამით შენ ამბობ, რომ შენ არ ხარ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.