17 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე დღევანდელი მსჯელობა დასრულებულია - რა თემაზე რჩება აზრთა სხვადასხვაობა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე დღევანდელი მსჯელობა დასრულებულია. კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ სამუშაო ჯგუფი პირველად შეიკრიბა. რამდენიმესაათიან სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კანონმდებლებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. პროექტი 13 პუნქტისგან შედგება. მასში გაწერილია ყველა ის საკითხი, რომლებზეც პარტია "მოქალაქეები" "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმდა.

ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობა რჩება ცესკოს დაკომპლექტების თემაზე და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლობებში პროპორციულ-მაჟორიტარული განაწილების საკითხზე.

"რაც შეეხება საარჩევნო პროცედურებს, დავებს, ადმინისტრაციულ რესურსს, იმ საკითხებს, რაც შეეხება თავად არჩევნებს, არჩევნების ჩატარებას, გასაჩივრებას, გადათვლებს, შესწორების ოქმებს - ამასთან დაკავშირებით ყველაფერზე გვაქვს თანხმობა. ერთი საკითხია, რომელიც შეეხება ცესკოს პარტიული ნაწილით დაკომპლექტებას, ჩვენ კანონპროექტში გვაქვს დათქმა, რომ დაკომპლექტებას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმიდან გადავლენ საპარლამენტო მუშაობის რეჟიმში და მეორე, რომელიც შეეხება პროპორციულ-მაჟორიტარულს, თუმცა აქაც არაა ერთგვაროვანი, საიას აქვს თავისი მოსაზრება," - აცხადებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.

რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მეორე თანათავმჯდომარე, "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მექანიზმები, რომელიც საარჩევნო რეფორმის განხორციელების შედეგად შემოვა, გაყალბების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს:

"ამ ცვლილებების თანახმად შემოდის ელექტრომთვლელი მანქანები, შემოდის გადათვლის სავალდებულო 10%, შემოდის რეგისტრაციის ელექტრონული მექანიზმები, თითის ანაბეჭდები და უამრავი სხვა რამ, რომელიც არჩევნების დღეს გაყალბებას დაიყვანს მინიმუმამდე. არჩევნების დღეს რაიმე ტიპის ჩარევა და მანიპულაცია იქნება ძალიან რთული,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მესამე სექტორისთვის საარჩევნო რეფორმის წარმოდგენილი დოკუმენტი ადრე არსებულზე უკეთესია, თუმცა მათი შეფასებით, არსებობს გარკევული ხარვეზები და იმედი აქვთ, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები ამ მიმართულებით გათვალისწინებული იქნება. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ პროცესს აკლია ინკლუზიურობა.

"საკვანძო პრობლემური საკითხი ჩვენ გვგონია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი შემდგომ როგორ წარიმართება პროცესი და როგორი იქნება ნდობა. წარმოდგენილ ვერსიაში შერეული სისტემა რჩება და კარგია, რომ ის 9 პარტია პარიტეტის სისტემით არის, აქ რასაც არ ვეთანხმებით, არის ის, რომ მანდატზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების შესვლა," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი მიაჩნია მთავარ პრობლემად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელ ლევან ნატროშვილსაც. მისი თქმით, არსებული ვარიანტი საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობის არსებობას ვერ უზრუნველყოფს.

დღის ამბები