პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი პლებისციტის ჩატარების შესაძლებლობას არ განიხილავს.
შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს კიდევ ერთხელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდებს, სადაც ერთობლივად მოხდება გამოკვლევა, რა მოხდა 31 ოქტომბერს.
"იმისათვის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები, საჭიროა, რომ რაიმენაირი მტკიცებულება მოვიდეს ამასთან დაკავშირებით და არ იყოს მხოლოდ ჰაერზე საუბარი. ეს არის მარტივი არგუმენტაცია. როდესაც ვსაუბრობთ, დიალოგის თემა რა შეიძლება იყოს, დიალოგის თემა შეიძლება იყოს სიმართლე, ხომ არ შეიძლება რომ ტყუილზე დავაფუძნოთ. ერთმა თქვას, რომ გაყალბდა, ოღონდ ვერ ვამტკიცებ რომ გაყალბდა, ამიტომ ვთვლი, რომ კრიზისია. სულ 100 კაცია, რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს, იქნება ეს პროტესტი, სოციალური ქსელი თუ ტელევიზიაში გამოსვლა. მოკლედ, ამ ადამიანების განწყობებიდან გამომდინარე, ხომ ვერ დავნიშნავთ არა? არის მშვენიერი მექანიზმი, დაამტკიცონ, ერთად გამოვიკვლიოთ რა მოხდა 31 ოქტომბერს, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე გავლენა. კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ გარდა ჩვენი ოპონენტების ნაწილისა, მოქალაქეები, რომლებიც ნაწილი იყო ამ ოპოზიციის და აღარ საუბრობს გაყალბებულ არჩევნებზე, "გირჩი" აღარ საუბრობს გაყალბებულ არჩევნებზე. დარჩა "ნაციონალური მოძრაობა", მის გარშემო შეკრებილი გუნდი, ეს არის ერთადერთი გუნდი, ვინც ამაზე საუბრობს, სხვა არც უცხოელი, არც ადგილობრივი დამკვირვებელი, არავინ არ საუბრობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.