17 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს - აშშ-ის ელჩი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან COVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს ამ დროისთვის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არსებული ვითარებაც.  

აშშ-ს ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოში ინფექციის მართვის კუთხით და ასევე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

"გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახან გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდოვის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ," - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.

დღის ამბები