17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ რესტორნები, რომელიც მერიისგან სუბსიდირებას მიიღებენ - პროგრამით 400-მდე სუბიექტი ისარგებლებს

რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის ინიცირებული სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების პროგრამა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სფეროს ამუშავებას.

მისი თქმით, რესტორნებს, რომლებიც საბანკო ვალდებულების ქვეშ არიან, საბრუნავ ფულზე ხელი არ მიუწვდებათ, ეს პროგრამა კი მათ ამ მიმართულებით პრობლემებს გარკვეულწილად მოუხსნის. 

"პირველადი დახმარება ეს არის ქეში, რომელიც უმნიშვნელოვანესია საბრუნავი თანხისთვის. საბრუნავი თანხა დღეს რთულად მოსაპოვებელია სარესტორნო ბიზნესისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ობიექტი საბანკო ვალდებულებების ქვეშაა და ვერ მისცემს ბანკი დამატებით სესხს. ასევე, სხვა შესაძლებლობები, რომელიმე ობიექტმა თანხა იშოვოს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, დღეს ყველას უჭირს.

95-98% რესტორნებისთვის, რომლებიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დახმარება,"- აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელსაც რესტორნები უნდა აკმაყოფილებდნენ. 

"რეგულაციები იხსნება, ბიზნესი უბრუნდება ოპერირებას და ეს მისცემს მათ საშუალებას გაისტუმრონ დაგროვილი ვალები და ის საბრუნავი თანხა მიეცეთ, რომ შეძლონ ეკონომიკაში დაბრუნება. იქნება რამდენიმე კრიტერიუმი, ეს არის, პირველ რიგში, ბრუნვასთან და ადგილების რაოდენობასთან დაკავშირებული კრიტერიუმები. ანუ, ეს არის განკუთვნილი მცირე და საშუალო ბიზნესებზე, ასევე, ამ პროგრამით ვერ ისარგებლებენ საერთაშორისო ფრენჩაიზინგის მქონე კომპანიები და ბაზრის მსხვილი მოთამაშეები. ბიუჯეტი არის 2 მილიონი ლარი და, დაახლოებით, 400 სუბიექტი ისარგებლებს ამ პროგრამით,"- აცხადებს მერის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისში მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. ობიექტებისთვის ფინანსური დახმარება 5000 ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები