17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
ენერგოდამოუკიდებლობა და ეკოლოგიური საფრთხის შიში - მთავრობა ნამახვანჰესზე სასაუბროდ ხალხთან მიდის

ნამახვანჰესის გამო რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტის 131-ე დღეს და კომპანია ენკასათვის ნამოხვანის დასატოვებლად მიცემული ვადის ამოწურვამდე 9 დღით ადრე ე.წ. რიონის ხეობის დარაჯებს პირადად ექნებათ საშუალება მინისტრებს უთხრან, რატომ ფიქრობენ, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს. პრემიერის დავალებით ხეობაში მთავრობის წევრები, სავარაუდოდ, ხვალ ჩავლენ. 

ნამოხვანში ჰესის მშენებლობაზე საუბრისას პრემიერი იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდის ტენდენციაზე მიუთითებს. სახელმწიფოს ეს არგუმენტი მიუღებელია სოფელ ჟონეთში მიმდინარე პერმანენტული აქციების მონაწილეებისთვის. 

მთავრობის ერთ-ერთი არგუმენტი ჰესის აშენების აუცილებლობაზე მსჯელობისას სწორედ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თანხის ქვეყნის ბიუჯეტში დარჩენა და ადგილობრივების დასაქმებაა. 

ჰესის მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოზიციები უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოშიც გაჟღერდება. მომდევნო კვირებში ადგილობრივებთან მთავრობის წევრების შეხვედრების დაანონსების პარალელურად პარლამენტი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მოსმენას გამართავს.

ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს. პროექტს ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა აპროტესტებს. ხეობიდან კომპანიის გასვლის და მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა გაჟღერდა ქუთაისში გამართულ აქციაზეც, სადაც კომპანია ენკას ნამოხვანიდან გასვლის 2 კვირიანი ვადა მისცეს.

დღის ამბები