17 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
შეხვედრა ერგნეთში უკანონო სამხედრო წვრთნების ფონზე მიმდინარეობს - ქართული მხარე მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას ითხოვს

ცხინვალში ამ წუთებში უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, ისმის აფეთქების ხმაც. სწორედ ამ ფონზე განახლდა დღეს შეხვედრა ერგნეთში.

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი. 

ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და იმ ინციდენტებზე, რაც აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

დიდი ლიახვის ხეობის ოკუპირებულ სოფელ ძარწემის პოლიგონზე საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობა სამხედრო წვრთნას გადის.

"შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოცემულ პერიოდში უკანონო, ე.წ ბორდერიზაციის შემთხვევებს და ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე. როდესაც ვსაუბრობთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე, უკანონო წვრთნებიც ამ ჩამონათვალში შედის,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა გარდამტეხი იქნება და საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძეს გაათავისუფლებს.

"ვიღებთ ინფორმაციას, რომ ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ჩართულია ის ქვეყნები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ ჩარეული არცერთ გატაცებულთა საქმეში. პირისპირ შეხვედრაზე სხვა დატვირთვა აქვს მოლაპარაკება, წარმატებული იქნება ჩემი აზრით, მოლოდინს რომელსაც არ ვკარგავთ, არის ზაზას დაბრუნება. იმედი გვაქვს დღის ბოლოს გვეტყვიან სასიამოვნო ინფორმაცია და ზაზას გამოუშვებენ,"- უთხრა "კურიერს" ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

დღის ამბები