პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და ჩიხში შესული ოპოზიცია - ახალი მოცემულობა პლებისციტთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრებს უკავშირდება. საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევის რისკები გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მოთხოვნების ტონი უნდა გამკაცრდეს და ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს. სხვა პარტიები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ელოდებიან, რას გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობა" - გავა თუ არა პარტია ერთიანობიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის რჩევის გათვალისწინებით.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პლებისციტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავის დროს პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო და შესაბამისად, გადაწყვეტილების გადახედვაც პოლიტსაბჭოსვე გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით, ეს დღის წესრიგში არ დგას:
"როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს მედიაციის პროცესი ჩაიშალოს და არ შედგეს, ოპოზიციამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმისათვის, რომ არ მისცეს საბაბი "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენ დაგვაბრალოს ამ პროცესის ჩაშლა. დღეს ვერ ვხედავ აზრს რომ დააფიქსირო რაიმე გადაწყვეტილების გამორიცხვა, ვერ ვხედავ ამას პროცესისთვის რა მოაქვს. პლებისციტის საკითხს რაც შეეხება, ვთქვი და შემიძლია გავიმეორო, რომ ეს არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თუ ამის გადახედვა მოხდება უნდა მოხდეს პოლიტსაბჭოსვე გადაწყვეტილებით, ამიტომ ეს დღის წესრიგში არ დგას,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად ქვლივიძე ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებაა, პლებისციტს კი რიგგარეშე არჩევნებამდე მიღწევის ერთ-ერთ გზად განიხილავენ კვლავაც:
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს გვაქვს სრულიად განსხვავებული რეალობა, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში უკანონო პატიმარი, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია იყოს გამოშვებული, რაც შეიძლება სწრაფად და მისი მონაწილეობით გაგრძელდება განხილვები დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის როგორც ადრე იყო დაფიქსირებული ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სწრაფად ჩაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შესაძლოა იყოს პლებისციტი," - განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.