სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის გიორგი საბედაშვილის განცხადებით, ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით, ჰუმანიტარული აქტივობები განახორციელოს.
"ოკუპირებული ახალგორისა და ზოგადად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების მოთხოვნა, ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენდა და წარმოადგენს როგორც დღევანდელ შეხვედრაზე, ისე ცხელი ხაზით და წარსულში ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
ჩვენ, ამ შეხვედრის დროს, კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გავუზიარეთ შეხვედრის მონაწილეებს პოზიცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზად არის მათთან კომუნიკაციით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ცალკეული ჰუმანიტარული აქტივობები განახორციელოს ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით. საოკუპაციო რეჟიმის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ ვართ მოქნილები თითქმის ყველა მიმართულებით,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.
ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრა გაიმართა.