უკანონოდ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ისევ ტყვეობაში რჩებიან - ერგნეთში მორიგი შეხვედრა დღესაც უშედეგოდ დასრულდა.
ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმისგან კონკრეტული პასუხი ვერც ერთ მთავარ მოთხოვნაზე ვერ მიიღო.
"გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ სახლს დაუბრუნდება. რის სანაცვლოდ მოხდება ეს, ამაზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა,"- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და სამედიცინო სერვისებით სარგებლობა. ეს, ამ დროისთვის შეუძლებელია, რადგანაც გადაადგილებაზე კონკრეტული შეზღუდვები არსებობს.
5 საათიანი შეხვედრის შემდეგ ერთადერთი პოზიტიური მოლოდინი გაჩნდა ახალგორთან დაკავშირებით და ითქვა, რომ იქიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, შესაძლოა, გამარტივდეს.
"ვისაუბრეთ იმ სამედიცინო პრობლემებზე, რაც ადგილზე მოსახლეობას აქვს და ფიზიკურად ადამიანების გადმოტარებაზე, რათა, მათ მიიღონ ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისები. რაც შეეხება ადგილზე ადამიანებისთვის დახმარების გაწევას, ისინი ამაზე უარს აცხადებენ. მათივე სიტყვებიდან გეტყვით, რომ ძალიან დიდი დახმარება მიიღეს რუსეთის ფედერაციისგან და ასევე, იმ საველე ჰოსპიტალისგან, რომელიც ცხინვალში იყო განთავსებული. ახალგორის რაიონი ცალკეა მიტოვებული და ელემენტარულ სამედიცინო სერვისებს ვერ იღებენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ გამომდინარე დღევანდელი შეხვედრის პათოსიდან, შესაძლოა, ახალგორში მცხოვრებ ადამიანებს ბევრად უფრო მარტივად მიეცეთ გადმოსვლის საშუალება, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ვიტყვით," - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ.
5 საათიან შეხვედრაზე, მწვავე საკითხად ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე სამხედრო წვრთნები დააყენეს.