საპარლამენტო არჩევნებიდან მეხუთე თვეს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტი, ძირითადად, იმეორებს იმავე შინაარსს, რაც პირველი ნოემბრის მოხსენებაში ეწერა. აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩო - დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა ანგარიშის თანახმად, "არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო".
"31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა.
კოვიდ-19-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იმართებოდა, თუმცა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, ქვედა დონეებზე.
წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზოგადმა სისტემამ, მათ შორის ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მაღალმა ზღვრებმა, მცირე და ახალი პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა," - ნათქვამია ანგარიშში.
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ეუთო/ოდირის დასკვნის ტექსტს სრულად იზიარებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციის ანგარიშს. ეს ანგარიში ეხება არჩევნებს და დაფიქსირებულ დარღვევებს. მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან ბევრი იდეაა და საბოლოოდ ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას,"- აცხადებს დიეგო კოლასი.