ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული.
"საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად იყო დაცული. საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორების და აქტივისტების ფართო წარმომადგენლობა, რომლებიც ხშირად მმართველი პარტიის სახელით მოქმედებდნენ, მიჩნეული იყო დაშინებად ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთი თანამოსაუბრის მიერ. რამდენიმე სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ჩაატარა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და არჩევნების დღეს წარადგინა მოკლევადიანი დამკვირვებლები, რაც ხელს უწყობდა პროცესის ზოგად გამჭვირვალობას. თუმცა პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა ხელს უწყობდა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობის შექმნას. ისინი ასევე ზოგჯერ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში ან აქტიურად განსაზღვრავდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო ხმის მიცემის დაწესებულებაში. გამოცხადებულმა აქტივობამ 56% შეადგინა.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან მალევე, 8 ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბარიერი გადალახა, უარყო არჩევნების შედეგები და არჩევნების ფართოდ გაყალბების შესახებ განაცხადა. ამ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურს და დაიმუქრნენ, რომ ახალი პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. მათ მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარება ცესკო-ს ახალი ხელმძღვანელობით. არჩევნების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო გამოსვლა გაიმართა, მათ შორის ცესკოს შენობასთან. კომისიებსა და სასამართლოებში საჩივრებისა და აპელაციის პროცესის დასრულებისა და ყველა ოლქში შედეგების გასაჩივრების უარყოფის შემდეგ, ცესკომ 13 ნოემბერს არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაცხადა. 7 პარტიამ წარუმატებლად გაასაჩივრა საბოლოო შედეგები სასამართლოში. 21 ნოემბერს 17 ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართა", – აღნიშნულია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში.