ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გავრცელებული სატელეფონო საუბარი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ, ფაბრიკაციაა.
ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც დღეს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.
"პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერებზე იყო საუბარი, ეს არის 2010 წლის - ხაზს ვუსვამ, არა 2011 წლის, არამედ 2010 წლის ჩანაწერი, რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები და ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია.
ეს არის კაგებეშნიკურად დამონტაჟებული მასალა. უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი.
ასეთი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებაში არასწორ განცდებს აჩენს, უნდა იყოს დაგმობილი.
ეს ფაბრიკაცია ეუთო/ოდირის დასკვნის გადასაფარად იყო, ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება. დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური და არჩევნები შეაფასა საკმაოდ დადებითად,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.