17 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მოცემულ შემთხვევაში უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება - არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი"

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი" ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ირგვლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ შესაძლო მძიმე დანაშაულის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის არა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, არამედ გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი.

"რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში ამ დანაშაულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება. აღნიშნული განპირობებულია დანაშაულის გამოვლენის აღმატებული საჯარო ინტერესით და მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები იმხილებიან.

აუდიოჩანაწერებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო მძიმე დანაშაულის მონაწილენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მით უფრო მწვავე ხდება სიტუაცია, როდესაც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი პირი.

მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიებით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ავთენტურობა, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. ამას მოითხოვს სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპები," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით.

"ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს: ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი,"- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები