17 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ეს პროცესი ამოვარდნილია პოლიტიკური კონტექსტიდან, მთავარია გადაწყდეს რიგგარეშე არჩევნების თარიღი - ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში ბიუროს მომდევნო სხდომაზე მოხდება. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადებულ დოკუმენტს დეპუტატები, სავარაუდოდ, სამშაბათს წარადგენენ.

მთავარი ცვლილებები ხმის დათვლის ელექტრონულ ტექნოლოგიას, ცესკოს დაკომპლექტებას, ბარიერის დაწევას, ადმინისტრაციული დავების განხილვას და საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილის გაზრდას ეხება. ჯგუფში უმრავლესობა, "ევროპელი სოციალისტები" და "მოქალაქეების" წევრები შედიან.

საკითხს ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ჯერ მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეთანხმება მთავარ საკითხებზე მოხდეს და ამის შემდეგ დაიწყოს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე.

"ეს პროცესი ამოვარდნილია პოლიტიკური კონტექსტიდან, ვინაიდან დღეს მთავარი არის გადაწყდეს რიგგარეშე არჩევნების თარიღი და მომზადდეს შემდეგი არჩევნები, როგორც საკანონმდებლო და საარჩევნო ცვლილებების სახით, ასევე მას წინ უნდა უსწრებდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რაც ახლა ხდება, ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები, სანახევრო ზომები და ეს არათუ ოპოზიციას არ მოსწონს, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი, რომელთაც უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ. ეს მუშაობა არ არის ის, რასაც ელოდება საზოგადოება და რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით კი, საარჩევნო რეფორმა მოლაპარაკების ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ჯერ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ დაწყებულა და შესაბამისად, არც შეთანხმება მომხდარა.

როგორც "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, ჯერ უნდა მოგვარდეს ზოგადად პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება ერთობლივი მუშაობა გაგრძელდეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე.

დღის ამბები