17 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
"მათ აღარ აინტერესებთ არც პლებისციტი და აღარც ვადამდელი არჩევნები" - "ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას შეთანხმების ჩაშლა სურს

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების ჩაშლა სურს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არაერთი კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ჯერი ახლა მათ პოლიტიკურ ოპონენტებზეა.

"რაც დროს გადის, მით უფრო რწმუნდება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რომ ჩვენს ოპონენტებს აღარ აინტერესებთ არც პლებისციტი და აღარც ვადამდელი არჩევნები, იმიტომ, რომ როდესაც მიდის კონკრეტული საკითხის შეთანხმებამდე საქმე, იქ უკვე რაღაც მიზეზის გამო ისინი ჩერდებიან - ღარიბაშვილი არ მოსწონთ, რაღაც ჩანაწერებს აქვეყნებენ.

რაც შეეხება შეთანხმების დროს ჩვენს კომპრომისებს, ეს უკვე დევს შეთანხმების მაგიდაზე, მეტიც, მათ დიდ ნაწილს უკვე კანონპროექტის სახე აქვს მიღებული,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, "ოცნება" მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევისთვის მინიმალურ შანსსაც ბოლომდე გამოიყენებს. 

"სანამ მინიმალური შანსი არსებობს, რომ მოლაპარაკება შედგეს, ჩვენ, ცხადია, ეს შესაძლებლობა ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან, თუ ვერ მოხდა შეთანხმება, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რომ ჩვენ ბოლომდე აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესებში და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას,"-აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები