საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი ვასილ მაღლაფერიძის მიერ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
ტალიაშვილი ამბობს, რომ რადგან მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს მისი პირადი საქმეა:
"მე ვხედავ ძალიან მკაფიო მესიჯს მის განცხადებაში, ეს არის მისი პირადი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს, მიუხედავად იმისა, ეს საჯარო პირი არის, იკავებს თუ არა ის გარკვეულ თანამდებობას, უნდა დავუტოვოთ მას უფლება მიიღოს პირადი გადაწყვეტილებები და ასევე, დავუტოვოთ უფლება მან თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთოს მხოლოდ ის განცხადება და ის ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ," - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ცნობისთვის, ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მაღლაფერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.