"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვა ხელს შეუშლის საბოლოო შედეგის მიღწევასა და კრიზისის განმუხტვას.
უგულავა მოუწოდებს მმართველ გუნდს, ჩამოაშოროს ირაკლი ღარიბაშვილი პროცესს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველს არ მისცემს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე - უფრო პირიქით. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ "ქართულ ოცნებას", რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები, თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.
ამასთანავე, ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს,"-განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ერთიანი სხდომა მიმდინარეობდა. პოლიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოლაპარაკებების პროცესიდან ჩამოშორების და სხვა კადრით ჩანაცვლების საკითხი განიხილებოდა.
საკითხის განხილვის მიზეზი გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ.