17 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
როდესაც დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას - მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე

"ქართული ოცნების" წევრები დარწმუნებული არიან, რომ ფარული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, ფაბრიკაციაა და შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე გამოძიების აუცილებლობაც არ არსებობს.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურა თავად გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება.

"ვერ ვიტყვი პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს. როდესაც დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას. როდესაც, ვთქვათ, რაღაც არის პოლიტიკური დღის წესრიგიდან განპირობებული და აქ დანაშაულის ნიშნებს არ ხედავს, არ დაიწყებს.

არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას ამაზე უნდა დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება. ფაქტია, რომ ზოგი საუბრობს იმაზე, რომ უკანონო მიყურადება, თვალთვალი, შანტაჟი იყო კონკრეტული ადამიანების, რა თქმა უნდა, ეს ყველამ იცის საქართველოში, უდავო ფაქტია, ასევე ფაბრიკაციაა და ამიტომ უნდა დაიწყოს, ნაწილი შინაარსზე საუბრობს, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

"რა გამოძიება, სისულელეა. რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება?! როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი?! ფაბრიკაცია საზოგადოებას არ წაადგება, ეს არის მავნებლური გზა, ერთმანეთთან დაპირისპირების. ეს საიდან მოდის? – საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ის საზიზღრობა, რაც მაშინ, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ხდებოდა," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით კი გამოძიება მხოლოდ იმ შეთხვევაში იწყება, თუ საკმარისი წინაპირობები არსებობს.

დღის ამბები