პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ვინ იქნება "ქართული ოცნებიდან" მომლაპარაკებელი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის, ეს ყველასთავის კარგად არის ცნობილი.
"ჩვენ მყისიერად დავინახეთ გუშინ უკვე "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ ხელზე დახვევა იყო ამ პროცესის, რომ აი მოლაპარაკების ჩაშლა უნდა ოპოზიციას. მინდა ყველას ავუხსნა, რომ ჩვენ მოლაპარაკებებზე, რეალურად, არ მივდივართ "ქართულ ოცნებასთან," ეს არის ევროკავშირთან საუბარი და მათი დახმარებით წნეხი "ქართულ ოცნებაზე". ამიტომ, დამატებითი არგუმენტი არ უნდა გავუჩინოთ" ქართულ ოცნებას" იმ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩაშალონ ეს მოლაპარაკებები. ამიტომაც, ვინ იქნება "ქართული ოცნებიდან" მომლაპარაკებელი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ვინ იღებს გადაწვეტილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან კარგად ვიცი.
ისე, მორალურად, თვითონ უნდა რცხვენოდეთ იმ აუდიოჩანაწერების და იმ რეაქციის შემდგომ, რაც საზოგადოებაშია, რომ სწორი ადამიანები მაინც დასვა მოლაპარაკებებზე. მაგრამ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათზე მეტყველებს და არა ოპოზიციაზე. ბოლო დღეებში რაც ხდება, ამან კარგად დაგვანახა, რომ შესაცვლელია ხელისუფლება ქვეყანაში და ის, რაც დღეს ხდება, ეს არის კანონზომიერების ძალადობით დარღვევის შედეგი. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი რამ იფეთქებს, იმიტომ, რომ კვირა არ გავა, რომ რაღაც ახალი არ მოხდეს ზოგადად, ქვეყანაში. მე მინდა დამშვიდდეს სიტუაცია, შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნების გზით და რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ საქმის კეთებას,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ერთ მაგიდასთან დაჯდომა დისკომფორტი მისთვის არ იქნება, თუმცა ამბობს, რომ საკითხს ცივი გონებით მიუდგება.
"სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ცივი გონებით მივუდგები ამ საკითხს და სახელმწიფო და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლიდან გამომდინარე, მზად ვარ, რომ მივიდე ამ მოლაპარაკებებზე. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ერთი ერთში არ გვაქვს მოლაპარაკებები და ესეც ის სამწუხარო უბედურებაა, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოუტანა ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ ნულოვანი ნდობა გვაქვს იმ მხარესთან მიმართებით, ვინც მოდის მოლაპარაკებებზე.