პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „პარტია მოქალაქეების" მოთხოვნას ეხმაურება. ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს შორის სატელეფონო ჩანაწერების საქმის გამოძიებას ითხოვს.
"მინდა გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილის განცხადებას. ვისურვებდი, რომ მას ეს განცხადება და თხოვნა თუ მოთხოვნა ცოტა ადეკვატური მიმართულებით და უფრო დაზუსტებულად განეხორციელებინა. გამომდინარე იქიდან, რომ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი. ალბათ, მაგალითად, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს არც დაესიზმრებოდათ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მათაც კი შეეძლებოდათ ჩამოეყალიბებინათ საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა ნებისმიერ საკითხს. დღეს ამ სიტუაციაში, როდესაც ამ ფაბრიკაციის გავრცელებით და ამაზე აღშფოთებით თავად არიან დაკავებულები, შეუძლიათ შემობრძანდნენ, თავადვე შექმნან საგამოძიებო კომისია. თუ ოდნავ მაინც სჯერათ იმ ფაბრიკაციის და ცრუ ნარატივის, რასაც ისინი ავრცელებენ და რაზეც თავად ბრაზდებიან და დარწმუნებული ვარ, თუ ოდნავ მაინც ქართული ოცნების ლიდერების, ვისზეც აპელირებენ ამ დღეების განმავლობაში და ამ სისულელეების ოდნავ მაინც სჯერათ, შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, რომ ეს მაინც გამოიძიონ.
თუ ოდნავ მაინც ჯერა ვინმეს "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან ძალადობის ან იმის, რომ ეს არა 2010-11 წლებში მოხდა, არამედ ოდნავ მოგვიანებით, როდესაც ის ადამიანები კერძო პირები კი არ იყვნენ, არამედ წარმოადგენდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირებს. ამ ცრუ ნარატივის ერთი პროცენტითაც თუ თავად სჯერათ, შემოვიდნენ, აქვთ ბერკეტი, შექმნან საგამოძიებო კომისია და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში თავად გამოიძიონ რასთან გვქონდა საქმე. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ფაბრიკაცია, ეს არის ტყუილი, მაგრამ ხომ არ არწმუნებენ საზოგადოებას, მობრძანდნენ და გამოიძიონ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.